Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე EU-ს ქვეყნების ელჩებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და ელჩების მოადგილეებს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც.

"ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რაზეც გარკვეული მიზეზების გამო მოვერიდები საჯაროდ საუბარს... ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, "ვივამედში" და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია, მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება", - უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG