Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი დეპუტატი ამბობს, რომ გვარამიასთან და სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს


ფოტოკოლაჟი: ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი
ფოტოკოლაჟი: ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი

თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ამბობს, რომ არ მისცეს უფლება, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მოენახულებინა. როგორც მან ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, მიზეზად დასახელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები.

გერმანელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"როგორც ევროპარლამენტი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგი ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს, ვიდრე სხვა საბაბს. ეს მედიის თავისუფლების საკითხის ნაწილია და უქმნის დაბრკოლებებს საქართველოს თავის გზაზე, გახდეს პლურალისტური საზოგადოების მქონე ქვეყანა. და როგორც უკვე იცით, მედიის თავისუფლება 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია", - თქვა, "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით, გერმანელმა დეპუტატმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრამდე.

რადიო თავისუფლება ცდილობდა დაჰკავშირებოდა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პრესსამსახურის თანამშრომელს, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"იუსტიციის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხი და აუცილებელი რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას დაეხმარება. მე კიდევ ერთხელ დავსვი ნიკა გვარამიას საკითხი, რომელზეც პასუხი არ მიმიღია. მქონდა სურვილი მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მათთან შესვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით იქნა ახსნილი", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ თომას ჰაკერმა.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაა პატიმრობაში. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.
XS
SM
MD
LG